მეცნიერებისა და ტექნოლოგიების განვითარებასა და ინოვაციური პროდუქტების წარმოებასთან დაკავშირებული გამოწვევები საქართველოსთვის მეტად აქტუალურია. ტექნოლოგიური რევოლუციების საუკუნეში უდიდესი მნიშვნელობა აქვს მეცნიერების პოპულარიზაციას. იმ დროს, როდესაც გვსურს წარმოვადგენდეთ ევროპული ოჯახის ღირსეულ და წარმატებულ წევრს, სასიცოცხლო მნიშვნელობა ენიჭება სამეცნიერო-კვლევით და ინოვაციურ, ინტეგრირებულ პროექტებს.

 


 

ააიპ  "ბიორაციონალური ტექნოლოგიების კვლევით ცენტრს" (BrTRC) სწორედ ეს მისია აქვს. მისი მიზანია სოფლის მეურნეობაში, მედიცინასა და ეკოლოგიაში ინოვაციური პროექტების შემუშავება და განხორციელება, რომლებიც ძირითადად სოციალური ხასიათის პრობლემების გადაჭრას ემსახურება.  ცენტრის შექმნამდე ამ საქმიანობას 24 წლის განმავლობაში ეწეოდა სამეცნიერო-საწარმოო გაერთიანება "ბიოტეკსი", რომლის განვითარებამ და სამეცნიერო საქმიანობის გაფართოვებამ განაპირობა ორგანიზაციის სულ სხვა რელსებზე გადასვლა და ბიორაციონალური ტექნოლოგიების კვლევითი ცენტრის ჩამოყალიბება. მის ირგვლივ გაერთიანებულია  ინდუსტრიული პარტნიორები საკუთარი პროფილითა და ფუნქციებით. თუმცა, ის მუშაობს ღია კარის პრინციპით, რაც იმას ნიშნავს, რომ ნებისმიერ  მეცნიერს თუ სამეცნიერო ჯგუფს, საწარმოო ორგანიზაციას და სხვა შეუძლიათ ცენტრის რესურსების გამოყენება.

 

აღსანიშნავია ისიც, რომ თანამედროვე მსოფლიოში შეიცვალა გამოგონების შექმნის გზებიც. გამოგონება ეფუძნება არა ერთი პიროვნების, არამედ მეცნიერთა,  მკვლევართა და სხვა ჯგუფების ერთობლივი კვლევის შედეგს. სწორედ ასეთ საინოვაციო ცენტრს წარმოადგენს BrTRC.

 

ცენტრში გაერთიანებულია შემდეგი ინდუსტრიული პარტნიორები:

 

შპს საწარმოო გაერთიანება "ბიოტეკსი" - ქიმიურ-ბიოლოგიური და ვეტფარმაცევტული პრეპარატების წარმოება, სამეცნიერო-ლაბორატორიული კვლევები.
შპს "ლარკი",  სუბსტანციების წარმოება ბიოლოგიურად აქტიური დანამატებისათვის.
შპს "გეოქიმეკოსინთეზი" -  ქიმიური სინთეზით მიღებული სუბსტანციების წარმოება.
შპს "კორონი", მეცხოველეობაში გამოსაყენებელი საკვებდამანატების დამამზადებელი საწარმო, რომელიც ასევე, აწარმოებს სასოფლო-სამეურნეო და საყოფაცხოვრებო მავნებლების საწინააღმდეგო საშუალებებს.
შპს "როქი", ფერმერთა მომსახურებისა და სადისტრიბუციო კომპანია.