1991 წელს, როდესაც საქართველო მძიმე პოლიტიკურ, ეკონომიკურ-სოციალურ, სამართლებრივ ვითარებაში იმყოფებოდა და ქვეყანაში სრული სტაგნაცია იყო, ახალგაზრდა მეცნიერებმა, დღეს უკვე ვეტერინარიისა და ბიოლოგიის დოქტორებმა ნიკოლოზ ზაზაშვილმა და მიხეილ ჭიჭაყუამ ქართული საქმის კეთება დაიწყეს. სრული ენთუზიაზმი, რომელსაც მხოლოდდამხოლოდ პატრიოტული სულისკვეთება ამოძრავებდა.

 

თავდაპირველად, "ბიოტეკსს" სოდანი ეწოდებოდა და მისი ძირითადი საქმიანობა უნარჩენო ტექნოლოგიების და ალტერნატიული ენერგიის წყაროების (მზის, ქარისა და ბიომასის) კვლევა-ძიება და დანერგვა იყო. ამავე წლებში კომპანიამ წარმატებით დაასრულა სასოფლო-სამეურნეო ბიონარჩენების გადამუშავების გზით ბიოგაზის მიღების ტექნოლოგია და wwf-ის სოფლად ოჯახების დახმარების მიზნით მოქმედი პროექტის ფარგლებში პირველად ჩვენს ქვეყანაში დამზადდა ინდივიდუალური მოხმარების საოჯახო ბიოგენერატორები.

 


 

 

                            

 

 

 

1993-1994 წლებში ქალაქი მოიცვა საშინელმა ანტისანიტარიამ. მიუხედავად მაშინდელი უმძიმესი გარემო პირობებისა, ბიოტეკსმა საკუთარი ლაბორატორიის ბაზაზე პარალელურად დაიწყო მღრღნელების საწინააღმდეგო ბიოლოგიური პრეპარატის გამოშვება. სწორედ ამ პრეპარატის არსებობამ განაპირობა იმ მეტად რთულ პერიოდში ქალაქში მეტროპოლიტენის, რკინიგზის, თავდაცვის სამინისტროს, BP-ს და სხვა სასიცოცხლო მნიშვნელობის ობიექტების მავნე მღრღნელებისაგან განთავისუფლება.

 

1995 წლიდან ბიოტეკსი უფრო აქტიურად ჩაება სოფლის მეურნეობაში და უკვე ამ დარგში გამოსაყენებელი ქიმიურ-ბიოლოგიური და ვეტფარმაცევტული პრეპარატების შემუშავება და დანერგვა დაიწყო, რაშიც დიდი როლი ითამაშა სხვადასხვა წამყვან სამეცნიერო კვლევით ცენტრებთან მჭიდრო თანამშრომლობამ.

 

1996 წლიდან, გამოკვეთილი პროფილის მიხედვით შეიცვალა კომპანიამ სახელწოდებაც და დაერქვა სამეცნიერო საწარმო “ბიოტექეკოსინთეზი”, შემოკლებით “ბიოტეკსი”.

 

მნიშვნელოვანი და გაბედული ნაბიჯი გადაიდგა მაშინდელი საკავშირო ვეტერინარული პრეპარატების საკონტროლო ინსტიტუტის ბაზაზე  კომპანიის მონაწილეობით და შეიქმნა მეფრინველეობაში გამოსაყენებელი მცირედოზიანი ვაქცინებიც, რაც მეტად აუცილებელი გახლდათ იმ პერიოდში ჩვენი გლეხობისა და წვრილი მეურნეობებისათვის. ლაბორატარიაში დამზადდა აგრეთვე მეცხოველეობაში გამოსაყენებელი მეტად საჭირო ვაქცინის საცდელი პარტიაც, რამაც მოითხოვა თხევადი საკვები ნიადაგები. იმ პერიოდში "ბიოტეკსი"-ს მიერ წარმოებული საკვები ნიადაგები წარმატებით გამოიყენებოდა სამედიცინო მიკრობიოლოგიასა და დიაგნოსტიკურ-ლაბორატორიულ პრაქტიკაში.

 

პარალელურად "ბიოტეკსი" ჩაება საზოგადოებრივ საქმიანობაშიც, რომელიც სოფლის მეურნეობას და მეცნიერებას უკავშირდებოდა. კერძოდ, 1997-2000წწ. ორგანიზაციასთან ჩამოყალიბდა ახალგაზრდა მეცნიერთა და გამომგონებელთა კლუბი, რომელიც საქართველოს ტელევიზიის მაშინდელ პირველ არხზე ამზადებდა ყოველკვირეულ გადაცემას "თეთრი ყუთი" გამომგონებლებსა და მოხერხებულ ადამიანებზე. ამავე წლებში გამოცემდა დარგობრივ გაზეთს "საქართველოს მეურნე". ამ მოძრაობამ თავის მხრივ ბევრ სასარგებლო წამოწყებას ჩაუყარა საფუძველი როგორც ქვეყნისთვის, ასევე, კომპანიისთვის. "ბიოტეკსი"-ს სამეცნიერო-კვლევითი ჯგუფი გადახალისდა და დაკომპლექტდა ახალი კადრებით. იმ ეტაპზე ამ გადაცემამ და გაზეთმა თავისი მისია წარმატებულად შეასრულა.

 

დროთა განმავლობაში სპექტრი პრეპარატებისა და მომსახურებისა თანდათან იზრდებოდა. ორწლიანი დაძაბული მუშაობის შედეგად შეიქმნა მეცხოველეობაში გამოსაყენებელი რამოდენიმე დასახელების ფართო სპექტრის ანტიჰელმინთური საშუალება. ამ პრეპარატებმა თავისი ხარისხით, ჩვენს ბაზარზე მორგებული ფასითა და დოზებით დიდი უპირატესობა მოიპოვა ანალოგიურ იმპორტირებულ პრეპარატებთან შედარებით, რამაც სტიმული მისცა კომპანიას, ეფიქრა გარე ბაზარზე. “ბიოტეკსის” მიერ წარმოებული ანტიჰელმინთური საშუალებები დიდი მოწონებით სარგებლობს არა მარტო ქართულ ბაზარზე, არამედ სხვა მეზობელ ბაზრებზეც. კერძოდ, თურქმენეთში, აზერბაიჯანში, სომხეთში, უკრაინაში და სხვა. მიმდინარეობს პრეპარატების რეგისტრაცია და სხვა ბაზრების ათვისება.
2000 წლიდან “ბიოტეკსი” პარტნიორობს მსოფლიო ბრენდ “ინვესასთან” და მეფრინველეობის ბაზარზე შედის პრეპარატებისა თუ ვიტამინო-მინერალური დანამატების სრული სპექტრით. წლების განმავლობაში “ინვესასთან” მჭიდრო თანამშრომლობის შედეგად “ბიოტეკსის” ბევრი კადრი გაიზარდა პროფესიულად როგორც ადგილზე, საქართველოში ისე, ბარსელონაში.


კომპანიამ მეფრინველეობის ბაზარზე დღემდე ბევრი საინტერესო მიდგომა განავითარა. შემუშავდა და დაინერგა სწრაფი გაზრდის თანამედროვე ტექნოლოგიები მეხორცულ ჯიშებში, ხოლო მეკვერცხულში პროდუქტიულობის გაზრდისთვის საუკეთესო პრეპარატები. ეს იყო როგორც ფერმერებისთვის, ისე ოჯახური მეურნეობებისთვის მართლაც შეუდარებელი საქმე, რადგან მათ შეეძლოთ ხარისხიანი და კონკურენტული პროდუქტის მიღება მინიმალური დანახარჯებით.

 

2003-2004 წლებიდან “ბიოტეკსი” მუშაობას იწყებს კომპლექსურ ანტიბიოტიკებსა და სულფანილამიდებზე. ხანგრძლივი კვლევების, ცდებისა და მარკეტინგული მუშაობის შემდეგ 2006 წლიდან ბაზარზე გამოჩნდა დღეს უკვე საკმაოდ ცნობილი პრეპარატები.
2005 წლიდან ბაზარზე პირველად გამოჩნდა მეცხოველეობაში ქართული წარმოების მალამოები და მასტიტის საწინააღმდეგო საშუალებები.

 

2009 წლიდან „ბიოტეკსის“ სამეცნიერო ჯგუფი აქტიურად იწყებს მუშაობას ორგანული მეურნეობების განვითარების მიმართულებით, რასაც წინ უსწრებდა რამდენიმეწლიანი კვლევები და ცდები. უკვე 2010 წლიდან ბაზარზე გამოჩნდა თანამედროვე პრებიოტიკები და საკვებდანამატები მეცხოველეობაში, მეფრინველეობაში, მეფუტკრეობაში. ხოლო მემცენარეობაში ფესვგარეშე გამოკვების ორგანული სასუქი, რომელსაც აღებული აქვს “ბიოსერთიფიკატი”. ასევე, აღსანიშნავია, “ბიოლოგიური შემაჩერებელი” საშუალება  ქვეწარმავლების, კერძოდ, გველების საწინააღმდეგოდ.

 

„ბიოტეკსი“  ყოველდღიურად ცდოლობს  მისი პროდუქცია თანამედროვეობის ზუსტი გამოძახილი იყოს. უკანასკნელ სამ წელიწადში მის ბაზაზე აშენდა დამატებით 2 საწარმო – მხოლოდ ბიოლოგიური საშუალებების საწარმოებლად. ამასთან, გარემონტდა, დაიხვეწა და თანამედროვე სტანდარტების მანქანა-დანადგარებით აღიჭურვა თითქმის ყველა საწარმოო განყოფილება, დაიხვეწა წარმოებისა და კონტროლის სისტემები. მნიშვნელოვანი რეფორმები გატარდა მენეჯმენტის თვალსაზრისითაც. კომპანიამ 2013 წელს აიღო ISO 9001:2008, მუშაობს GMP-ის დანერგვაზე.  ჰყავს 70-მდე თანამშრომელი, მათ შორის, 10 მეცნიერებათა დოქტორი და დოქტორანტები.

 

საერთაშორისო ურთიერთობების თვალსაზრისით აღსანიშნავია მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნების გამოფენებში „ბიოტეკსის“ მონაწილეობა და პროდუქციის წარმოჩენა. ეს არის ასპარეზი, სადაც კომპანიას საშუალება აქვს წარადგინოს არა მხოლოდ საკუთარი თავი, არამედ ქვეყანა.

 

მიუხედავად იმისა, რომ ჩვენმა ორგანიზაციამ 24 წლის მანძილზე ბევრი ქარტეხილი გადაიარა, არცერთ პოლიტიკურ, ეკონომიკურ და სოციალურ რეალობაში თანმიმდევრული და გააზრებული ნაბიჯებით განვითარებისკენ სწრაფვა არ შეუჩერებია. მადლიერები ვართ ყველა იმ ადამიანის, ადამიანთა ჯგუფის, სახელისუფლო თუ კერძო სექტორის, რომლებმაც ჩვენი ისტორიის შექმნაში თუნდაც მცირე წვლილი მაინც შეიტანეს.