რუმიფოსი - ბიოაქტიური ნივთიერება სასოფლო სამეურნეო ცხოველებისა და ფრინველის სრულფასოვანი განვითარებისათვის

რუმიფოსი - ბიოაქტიური ნივთიერება სასოფლო სამეურნეო ცხოველებისა და ფრინველის სრულფასოვანი განვითარებისათვის
ა(ა)იპ ბიორაციონალური ტექნოლოგიების კვლევითი ცენტრი, თბილისი, საქართველო

Nikoloz Zazashvili, PhD in Veterinary 

Mikheil Chichakua, PhD in Biology

Marina Tchikaidze, PhD in Veterinary 

David Bostashvili, PhD in Doctor of Agrarian Sciences

შესავალი

თანამედროვე მეცხოველეობისა და მეფრინველეობის ინდუსტრიაში ფუნდამენტური როლი ეკისრება სასოფლო სამეურნეო ცხოველებისა და ფრინველების პროდუქტიულობის გაზრდას გენეტიკურ დონეზე, რომელიც სულ უფრო მკაცრ მოთხოვნებს უყენებს კვების რაციონსა და წარმოების ტექნოლოგიებს. აუცილებელია, მიეწოდოთ არა მხოლოდ ყველა საჭირო საკვები ნივთიერება, არამედ უზრუნველველყოფილი იქნას მათი ათვისების შესაძლებლობა და გენეტიკური პოტენციალის მაქსიმალური გამოვლინება. ასევე გასათვალისწინებელია თანამედროვე წარმოების მახასიათებლები, როგორიცაა წარმოების ინტენსიფიკაცია, სულადობის გაზრდა შეზღუდულ ფართობებზე და ეკოლოგიურად სუფთა წარმოებისკენ სწრაფვა [1,2,3,4,5]. 

არსებული გარემოება სპეციალისტებისგან და დაინტერესებული პირებისგან მოითხოვს მოძიებული და გამოყენებული იქნას ახალი, მაღალაქტიური ბუნებრივი კომპონენტები, რომლებიც ხელს შეუწყობენ ორგანიზმის შინაგანი ძალებისა და ფარული რესურსების მობილიზებას, გამოხატული ექნებათ ორგანიზმზე პირდაპირი ან ირიბი  მოქმედების უნარი, მაგალითად, სიმბიოზური მიკროფლორის დახმარებით. ამასთანავე შემცირდება ქიმიური სამკურნალო საშუალებების გამოყენება [6,7,8].

ბუნებაში, მცენარეები ბუნებრივი სინთეზით აგროვებს სხვადასხვა ქიმიური სტრუქტურის მეორეულ მეტაბოლიტებს [9]. ადამიანებისთვის მცენარეების ბიოლოგიური აქტივობა უძველესი დროიდან  იყო ცნობილი და მათ წარმატებით იყენებდნენ მედიცინასა და სოფლის მეურნეობაში 10,11]. მნიშვნელოვანია, რომ ბოლო წლებში ბაზარზე სულ უფრო მეტი მცენარეული წარმომავლობის პრეპარატი გამოჩნდა, რომელთაც გამოხატული აქვთ იმუნომოდულატორული ან  ფიზიოლოგიური პროცესების გამაძლიერებელი ეფექტები [12], ეს პრეპარატები დადებითად მოქმედებენ ცხოველების ზრდა-განვითარებაზე, პროდუქტიულობის სტიმულირებაზე და რაც ძალიან მნიშვნელოვანია, მთავარ მიმართულებად რჩება ეკოლოგიური წარმოება. ერთ-ერთი ასეთი პრეპარატთაგანია “რუმიფოსი“.

 

"რუმიფოსი" (კონცენტრატის ან 2,5% ხსნარის ფორმაში) არის საკვები დანამატი, რომელიც გამოიყენება სასოფლო სამეურნეო ცხოველების, ფრინველების, თევზების, კრევეტების რეზისტენტობის, სიცოცხლისუნარიანობისა და პროდუქტიულობის ასამაღლებლად. აღნიშნულ პროდუქტს საფუძვლად უდევს სპეციალურად დამუშავებული მარცვლეული კულტურებისგან (Triticum durum, Avena sativa, Hordeum vulgare, Zea mays) მიღებული მცენარეული წარმოშობის ჩანასახოვანი (ემბრიონალური) უჯრედების ნანოციტოპლაზმური და ნუკლეოპლაზმური ნაერთები, რომლებიც არ შეიცავს არავითარ ქიმიურ მინარევებს. მცენარეთა მარცვლები თავის შემადგენლობაში დიდი რაოდენობით შეიცავს ღეროვან უჯრედებს. ღეროვანი უჯრედები (ES Cells ანუ პროგენიტორი უჯრედები)- ესაა უჯრედები, რომლებისგანაც ფორმირდება მომავალი ორგანიზმის ყველა ორგანო და ყველა ტიპის ქსოვილი. ისინი ვითარდებიან ყველა მიმართულებით, მაგალითად სისხლის უჯრედები, რომელიც ახალი სიცოცხლის წყაროა [13,14].

ღეროვანი უჯრედების ზრდა-განვითარების ეს პოტენციალი განპირობებულია მცენარეებში ბიოაქტიური ნივთიერებების მაღალი კონცენტრაციით. ასაკთან ერთად იმის გამო, რომ ყველა საჭირო ქსოვილი და ორგანო ფორმირდება, ღეროვანი უჯრედების მარაგი მცირდება. რაც იწვევს რეგენერაციული უნარის დაქვეითებას და ორგანიზმის დაბერებას. მაგრამ მრავალრიცხოვანი კვლევებით დამტკიცებულია, რომ ღეროვანი უჯრედები შენარჩუნებულია ნებისმიერ ორგანიზმში და შესაძლებელია მათი გააქტიურება. ეს გვაძლევს უჯრედების დაყოფის სტიმულირების, რიბოსომული რნმ-ის გააქტიურების და შესაბამისად, ცილის სინთეზის გაძლიერების საშუალებას [15,16].

"რუმიფოსი", რომელიც შექმნილია მარცვლოვანი კულტურების ღეროვანი უჯრედებისგან შედგება ცილოვანი (პროტეინული) კომპლექსებისგან, ზრდის ფაქტორებისა და ბუნებრივი კომპლექსებისგან (200-მდე სხვადსხვა ჯგუფი). მოდიფიცირებულ გარემოში, სხვადასხვა ფიზიკური ფაქტორების ზეგავლენით, ხორციელდება პოლისაქარიდ ცელულოზისაგან შემდგარი მცენარეული ღეროვანი უჯრედის კედლების დაშლა და უჯრედის შიგთავსის, ნანოციტოპლაზმური ნაერთებისა და ბირთვული წვენის (ნუკლეოპლაზმის) გამოთავისუფლება. შედეგად მიიღება სრულიად ახალი სუბსტანცია, რომელიც შეიძლება ურთიერთქმედებდეს ცოცხალი ორგანიზმის ღეროვან უჯრედებთან.

მასალა/მეთოდები

ექსპერიმენტი ჩატარდა “რუმიფოსი” - კონცენტრატის (1 მგ/კგ ცოცხალ მასაზე) და 2,5% ხსნარის (1მლ/25 კგ ცოცხალ წონაზე) ფორმით სხვადასხვა ჯიშის, სახეობის და ასაკის სასოფლო სამეურნეო ცხოველებსა და ფრინველებზე. საექსპერიმენტო სულადობა დაიყო საცდელ და საკონტროლო ჯგუფებად და დაკვირვების ქვეშ იყვნენ რუმიფოსის ბოლო მიღებიდან 30 დღის განმავლობაში, პატრონთან სტანდარტული შენახვის პირობებში.

ყველა ექსპერიმენტი ჩატარდა - ექსპერიმენტული ცხოველების გამოყენებასთან დაკავშირებული სამუშაოების ჩატარების წესის “ევროპული კონვენციის შესახებ ექსპერიმენტებისთვის ან სხვა სამეცნიერო მიზნით გამოყენებული ხერხემლიან ცხოველთა დაცვის “ 1986 წლის 18 მარტიდან, შესაბამისად.

მიღებული შედეგები

პოზიტიური დინამიკა აღწერილია მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის მერძეული მიმართულების ნახირის ექსპერიმენტში. რუმიფოსი 2,5%-ის მიცემისას,  1 მლ 25 კგ ცოცხალ მასაზე აღინიშნა მთლიანი მონაწველის გაზრდა 4%-ით. ამასთან ერთად ხდებოდა რძეში ცხიმისა და ცილის შემცველობის მატება [17, 18]. მოზვრების სუქებაზე ჩატარებულ ექსპერიმენტებში მიღებულია ცოცხალი მასის ნამატის ზრდა რუმიფოსის მიცემისას ამავე დოზირებით. ამასთან ავტორები აღნიშნავენ, რომ ხდება კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მიკროფლორის რეგულირება [19]. აღნიშნული პრეპარატის გამოყენებით ლაბორატორიულ ცხოველებზე ჩატარებულ ცდებში აღწერილია კუჭ-ნაწლავის ტრაქტში ლაქტობაქტერიებისა და ბიფიდობაქტერიების რაოდენობის ზრდა: პირველ თაობაში - 2,8% და 15,9%-ით, მეორეში - 0,8% და 3,2% -ით შესაბამისად [20].

გოჭებზე ჩატარებულ ექსპერიმენტებში (n=200), დადგინდა რუმიფოსის დადებითი გავლენა ძირითად მახასიათებლებზე. ახალასხლეტილი გოჭების ჯგუფი საკონტროლოსთან შედარებით უფრო სწრაფად გაიზრდა 15,9%-ით; 2 თვის ასაკის გოჭები - 14,3%-ით; ორივე ჯგუფის გოჭებში დღიური წონამატის სხვაობა საშუალოდ 100გ-ის (16,3 - 18,6%) ფარგლებში მერყეობდა; გაუმჯობესდა საკვების კონვერსია, ერთი თვის ასაკის გოჭებში 1კგ წონამატზე შემცირდა 15,8%-ით, ხოლო ორი თვის გოჭების ჯგუფში 12,6%-ით. შედეგად გაუმჯობესდა გოჭების საერთო მდგომარეობა, დადებითი დინამიკა გამოიხატა ზრდა-განვითარებასა და წონამატზე,  შემცირდა საკვების ხარჯვა, სტრესული მდგომარეობისა და დაავადებების გამოვლინება [21].

ბროილერის ქათმებზე (Ross 308-ის კროსის) ჩატარებულ სამეცნიერო-საწარმოო ცდაში (n=3500), ასევე დამტკიცდა რუმიფოსის დადებითი გავლენა ძირითად მაჩვენებლებზე. ექსპერიმენტის დროს, I საცდელი ჯგუფი იღებდა რუმიფოსს 2,5%-ს დოზით 0,25 მლ 10 ლ სასმელ წყალზე სიცოცხლის პირველი 10 დღის განმავლობაში, II საცდელი ჯგუფი დამატებით იღებდა საკვებდანამატს 20 დღის ასაკიდან ასევე 10 დღის განმავლობაში. საცდელი ჯგუფებში სიკვდილიანობა შემცირდა შესაბამისად 1,12-ითა და 1,26%-ით საკონტროლოსთან შედარებით, სადაც სიცოცხლის შენარჩუნების დონე ისედაც იყო მაღალი (თითქმის 97%). რუმიფოსი 2,5%-ის გამოყენება აგრეთვე აისახა წიწილების ცოცხალ მასაზე. კონტროლთან განსხვავება გამოზრდის 42-ე დღეს I-საცდელ ჯგუფში შეადგენდა 4,2%-ს და II საცდელი ჯგუფი 6,6%-ს [22]. ავტორები აღნიშნავდნენ, რომ პრეპარატი რუმიფოსის გამოყენება განსაკუთრებით ეფექტურია ვაქცინაციის პერიოდში. ამ პერიოდში ფრინველს უაქტიურდება იმუნური სისტემა ანტისხეულების ჩამოსაყალიბებლად, რასაც თან სდევს სხეულის ტემპერატურის მატება და საკვების მიღების შემცირება. რუმიფოსის მიცემის ფონზე აღნიშნულია ტემპერატურის ნორმალიზება და წყლისა და საკვების მოხმარების გაზრდა. ანალოგიური ეფექტები აღენიშნებოდათ აგრეთვე სუქებაზე მყოფ მოზვრებსა [19] და ლანდრასისა და მსხვილი თეთრი ნაჯვარ გოჭებს [21].


სხვა ცდაში შესწავლილი იქნა “რუმიფოსის“ გავლენა ქათმების სისხლის მორფოლოგიურ მაჩვენებლებზე. რუმიფოსის კონცენტრატი ეძლეოდა I საცდელ ჯგუფს დოზით 1 მგ/კგ ცოცხალ მასაზე, ხოლო II საცდელ ჯგუფში 4-ჯერ გაზარდილი დოზა, რომელთაც აკვირდებოდნენ 30 დღის განმავლობაში; ჰემატოლოგიურ მაჩვენებლებს აფასებდნენ ყოველ 10 დღეში ერთხელ. შედეგად დადგინდა, რომ დანამატი არ ახდენს საგრძნობ ზეგავლენას სისხლის მაჩვენებლებზე. ისეთი მაჩვენებლები, როგორიცაა ჰემოგლობინის კონცენტრაცია, ერითროციტების, ლეიკოციტებისა და თრომბოციტების რაოდენობა, დაკვირვების პერიოდში მერყეობდა, თუმცა ყოველთვის იყო ფიზიოლოგიური ნორმის ფარგლებში. დოზის 4-ჯერ გაზრდას არ მოუხდენია რაიმე უარყოფითი ზემოქმედება. საცდელ ჯგუფებში აღნიშნულია ლეიკოციტების საერთო რიცხვისა და ლიმფოციტების რიცხვის ზრდის გამოხატული ტენდენცია, რაც შეიძლება იყოს იმუნური სისტემის სტიმულაციის მაჩვენებელი [23].


ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში ჩატარებული ცდებით დადასტურდა, რომ რუმიფოსი ხასიათდება გამოხატული ბიოაქტიურობით. რუმიფოსი აღადგენს უჯრედშორის ურთიერთობებს, რომლებიც მონაწილეობენ ორგანიზმში სხვადასხვა პროცესების რეგულირებაში და ამით უზრუნველყოფს ყველა ორგანოსა და სისტემის გამართულ ფუნქციონირებას. ცხოველებს უძლიერდებათ ბუნებრივი რეზისტენტობა და მდგრადობა  სტრესფაქტორების მიმართ. რუმიფოსს ასევე აქვს გამოხატული პრებიოტიკური აქტივობა, რაც ხელს უწყობს ნაწლავებში სასარგებლო მიკროფლორის განვითარებას. ეს მექანიზმი დადასტურებულია როგორც ცხოველებზე, ისე ფრინველებზე ჩატარებული მრავალრიცხოვანი ექსპერიმენტების შედეგად.

ყოველივე ზემოაღნიშნული გვაძლევს იმის მტკიცების საშუალებას, რომ საკვებდანამატი “რუმიფოსი“-ს გამოყენება დადებით გავლენას ახდენს ნაწლავის მიკროფლორაზე, აუმჯობესებს ზრდა-განვითარებას, ზრდის სიცოცხლისუნარიანობას და იძლევა სამკურნალწამლო საშუალებათა გამოყენების მნიშვნელოვნად შემცირების საშუალებას. რუმიფოსის გამოყენება ფერმერულ მეურნეობებს მისცემს არა მხოლოდ დამატებითი მოგების მიღების საშუალებას, არამედ შეამცირებს დაავადებათა განვითარების, მათ შორის სტრესული მდგომარეობის რისკებს ქიმიოთერაპიული სამკურნალწამლო საშუალებების (მათ შორის ანტიბიოტიკების) გამოყენების შემცირების შესაძლებლობასთან ერთად და ხელს შეუწყობს ეკოლოგიურად სუფთა პროდუქციის მიღებას.

შეუერთდი ჩვენს ქსელს

გამოიწერე სიახლეები