ProCredit Bank Georgia-მ მოამზადა ინტერვიუ „ბიოტეკსის“ დამფუძნებელთან, ნიკოლოზ ზაზაშვილთან, რათა გაცნობოდა, როგორ ქმნის ქართული ფარმაცევტული კომპანია ხარისხის ახალ სტანდარტებს ვეტერინარული მედიკამენტებისა და ბიოლოგიურად აქტიური პრეპარატების წარმოებაში.
ქვემოთ გთავაზობთ ინტერვიუს მონაკვეთებს, რომლებიც ასახავს კომპანიის 33-წლიან გამოცდილებას, ღირებულებებსა და მომავლის ხედვას.
მოგვიყევით თქვენი საქმიანობისა და მისი განვითარების შესახებ:
მინდა გითხრათ, რომ ჩვენი საწარმო ლიდერია კავკასიის რეგიონში. ორგანიზაციის ძირითადი მიმართულება ფარმაცევტული საქმიანობაა.
ვაწარმოებთ სხვადასხვა სახის ვეტერინარული დანიშნულების მედიკამენტებს, ასევე ბიოლოგიურად აქტიურ საკვებდანამატებს, სასოფლო-სამეურნეო ცხოველებისა და ფრინველებისათვის.
გარდა მაგისა, გვაქვს სადეზინფექციო, სადეზინსექციო და სადერატიზაციო საშუალებების საწარმოო მიმართულებაც.
წარმოებული პროდუქციის ასეთი მრავალფეროვანი და ფართო ასორტიმენტი ჩვენი 33 წლიანი გამოცდილებისა და დაუღალავი შრომის შედეგია.
გვაქვს შესაბამისი ინფრასტრუქტურა, რომელიც აღჭურვილია თანამედროვე ლაბორატორიებითა და საწარმოო ტექნოლოგიური ხაზებით.
ასევე გვყავს საუკეთესო პერსონალი - ქიმიკოსების, ბიოლოგებისა და ფარმაცევტების სახით, მცირე, მაგრამ საკმაოდ აქტიურ მეცნიერთა ჯგუფთან ერთად.
სწორედ ასეთი სრულფასოვანი ბაზა უდევს საფუძვლად ჩვენს ყოველწლიურად მუდმივ განვითარებას.
რა ეტაპები გაიარა ბიზნესმა დღემდე, რა გამოწვევები გქონდათ და როგორ გადალახეთ?
ვფიქრობ, განსაკუთრებული ალბათ არაფერი, რადგან ამ ქვეყნად ყველაფერს აქვს თავისი დასაწყისი, შემდეგ ზრდა-განვითარების, შემდეგ დამკვიდრების და სიმწიფის ეტაპები.
ჩვენ, საბედნიეროდ, დღემდე ყველა ეტაპი გავიარეთ, ოღონდ ჩვენი მხრივ თითოეულ ეტაპს განსაკუთრებული სიფრთხილითა და პასუხისმგებლობით ვეკიდებოდით.
გზადაგზა გამოცდილებასთან ერთად ვაღრმავებდით ცოდნას, რამაც მრავალი გამოწვევის გადალახვა გაგვიადვილა.
განსაკუთრებით პირველ დეკადაში - გასული საუკუნის 90-იან წლებში.
თუმცა, არც შემდეგ წლებში მოგვკლებია „სიურპრიზები“.
მიუხედავად მძიმე, არასახარბიელო გარემოებებისა, ჩვენ წინსვლა არ შეგვიჩერებია.
ძალიან მიყვარს ერთი ჩინური თქმულება: „ძლიერი წინააღმდეგობას გადალახავს, ხოლო ბრძენი მთელ გზას დაუბრკოლებლივ გაივლისო“. ჯერჯერობით ამ მეორე ნაწილს ვერ მივუახლოვდით.
რა მომენტში ხვდებით რომ ბიზნესს სიახლე სჭირდება, როგორია სიახლის შექმნის პროცესი და რა არის მნიშვნელოვანი?
ჩემი აზრით, ბიზნესს მუდმივად ჭირდება ცვლილებები და ამასთანავე სიახლე, რადგან გარემო მუდამ ცვალებადია და ბიზნესს უნდა ჰქონდეს სწრაფი ადაპტაციის უნარი.
მუდამ უნდა უსმენდეს სამიზნე მომხმარებელს და მის მაჯისცემას, შესაბამისად უნდა მოქმედებდეს მოქნილად და არ უნდა აგვიანებდეს საპასუხო ქმედებებს.
მთავარი და მნიშვნელოვანია კარგი ხედვა და მისწრაფებები.
ასე ვიტყოდი: სიახლე განვითარების ერთ-ერთი ქვაკუთხედია.
რა სტანდარტები და ღირებულებები ქმნის თქვენს ბიზნესს?
საწარმოში სტანდარტი ხარისხის მართვის სისტემაა და, ვფიქრობ, იგი მწარმოებელსა და მომხმარებელს შორის ნამდვილად ნდობის ხიდია.
ჩვენ ვცდილობთ ორგანიზაციაში დავნერგოთ, როგორც დღეს ხშირად ამბობენ ხოლმე, დასავლური სტანდარტები და ევროპული ღირებულებები.
ჩვენთან თანამშრომელთა შორის ურთიერთობები იმართება მაქსიმალური ჰუმანურობისა და თანასწორობის პრინციპით.
სულ რაღაც რამდენიმე დღის წინ, ჩვენს ერთ-ერთ უხუცეს თანამშრომელს ორგანიზაციაში მუშაობის 30 წელი შეუსრულდა და საპატიო გაცილება მოვუწყეთ.
იმ დღეს მართლაც ბევრი განშორების გულწრფელი ცრემლი დაიღვარა.
ეს არის ჩვენი ღირებულებების თვალსაჩინო მაგალითი.
რა როლს ასრულებს ბანკის მხარდაჭერა ბიზნესის განვითარებაში, როგორც ფინანსურ, ისე არაფინანსურ ნაწილში, როგორც ბიზნეს მრჩეველი? როგორი იყო თქვენი ურთიერთობა პროკრედიტ ბანკთან?
ბანკთან ურთიერთობის ოქროს ფორმულაა, როდესაც ბანკსა და კლიენტს შორის ინტერესთა კონფლიქტი არ არსებობს, ანუ ბანკის ინტერესი და მხარდაჭერა არამხოლოდ ფინანსური, არამედ კლიენტის განვითარებაზე უნდა იყოს ორიენტირებული, რადგან მდიდარი კლიენტი ბანკის სიმდიდრეა.
ჩემს წარმოდგენაში, საქართველოში, ასეთი მხოლოდ პროკრედიტ ბანკია.
როგორი მიდგომაა საჭირო ბიზნესის წარმატებისთვის?
ბიზნესი, როგორც ცნობილია, ეს არის საქმიანობა მოგებისა და ეკონომიკური სარგებლის მიღების მიზნით და, რა თქმა უნდა, სიკეთეების გარდა გარკვეულ რისკებთანაც არის დაკავშირებული.
იმის გამო, რომ მოგების გარეშე წინსვლა და განვითარება შეუძლებელია,
ამიტომ აუცილებელია კარგად გააზრებული სტრატეგია, მუდმივი შრომა, განვლილი გზის ანალიზი და შემდგომი ნაბიჯების სწორად დაგეგმვა.
რამაც, ჩემი აზრით, აუცილებლად უნდა მოიტანოს წარმატების გაზომვადი შედეგები.
ახალი შესაძლებლობები საიდან მოდის, რისი გჯერათ?
ჩემი აზრით, ახალი შესაძლებლობები გააზრებული სვლის შედეგი უნდა იყოს.
ამასთან დაკავშირებით ინგლისის მაგალითს მოვიყვანდი: იმ დროს საფეიქრო მრეწველობის კარგმა განვითარებამ მნიშვნელოვნად გაზარდა მოთხოვნა მატყლზე.
შესაბამისად, საჭირო გახდა მეცხვარეობის განვითარება.
ამან კი, თავის მხრივ, მოითხოვა საძოვრები.
შემდეგ მიწათმფლობელებიც ჩაერთვნენ ამ პროცესში და წარმოიდგინეთ თუ რა სერიოზული ძვრები გამოიწვია ქვეყნის განვითარებაში და რამდენი ახალი შესაძლებლობა გააჩინა.
რისი გჯერათ?
გულწრფელად გეტყვით, მჯერა პატიოსანი და ღირსეული შრომით შექმნილი მომავლისა, რადგან ღმერთი აკურთხებს მას.
ნიკოლოზ ზაზაშვილი, „ბიოტეკსი“-ს დამფუძნებელი
შეუერთდი ჩვენს ქსელს